მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს, ქალაქ თბილისის მერიასთან გამართულ აქციაზე, ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის მერობის კანდიდატმა, ამავე პარტიის წევრებმა და მხარდამჭერებმა მერიის ადმინისტრაციულ შენობაში ძალისმიერი მეთოდების გამოყენებით შეჭრა სცადეს. ამასთან, აქციის მონაწილეებმა გზის სავალი ნაწილი გადაკეტეს, რის შედეგადაც, კოსტავას გამზირზე მოძრაობა პარალიზებული აღმოჩნდა.
საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული იყვნენ შსს-ს საპატრულო პოლიციის და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა იმოქმედეს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, არაერთგზის მოუწოდეს სამართალდამრღვევებს წესრიგისკენ და გზის საავტომობილო ნაწილის დატოვება მოსთხოვეს, თუმცა აქციის მონაწილეები პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს არ დაემორჩილნენ და სამართლდამცველებს წინააღმდეგობა გაუწიეს. აღნიშნულ ფაქტზე შსს-მ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული ქმედებისთვის 6 პირი დააკავა.