შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ბაზაზე, მეხანძრე-მაშველის პროფესიული დღე აღინიშნა.
ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, გიორგი ბუთხუზი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი, თემურ მღებრიშვილი, ასევე, სამსახურის სხვა ხელმძღვანელი პირები და თანამშრომლები დაესწრნენ.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა და სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისა და მიღწეული წარმატებებისთვის მადლობა გადაუხადა.
მეხანძრე-მაშველის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სტრუქტურული დანაყოფების პირადი შემადგენლობა ტექნიკითა და აღჭურვილობით წარსდგა.
სტუმრებისთვის, სამსახურის ბაზის ტერიტორიაზე სამაშველო ღონისძიებების სიმულაციური ჩვენება გაიმართა. ღონისძიება კინოლოგთა სამსახურის მიერ სამაშველო ოპერაციის დემონსტრირებით დასრულდა.