საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული ერთიანი საზეიმო ღონისძიების ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს ბათუმში, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე უმასპინძლებს.
26 მაისისთვის მზადების პროცესი დილიდან აქტიურად მიმდინარეობს.
დამოუკიდებლობის დღისთვის მზადებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - ალექსანდრე დარახველიძე ადგილზე გაეცნო.
ღონისძიება, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით გაიმართება, 14:00 საათიდან დაიწყება. ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის მიერ წარმოდგენილი იქნება საინფორმაციო და საგამოფენო სტენდები, ასევე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, სასაზღვრო პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სპეცტექნიკა, აღჭურვილობა და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.
ღონისძიების ფარგლებში ბავშვებისთვის არაერთი თემატური საინფორმაციო-შემეცნებითი აქტივობაა დაგეგმილი, მოწყობილი იქნება გასართობი სივრცეები.
17:10 საათზე, ზუსტად იმ დროს, როდესაც 1918 წელს ნოე ჟორდანიამ საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა, გაჟღერდება საქართველოს ჰიმნი.
ღონისძიება საღამოს კონცერტით დასრულდება.