საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული ერთიანი საზეიმო ღონისძიების ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს ბათუმში უმასპინძლებს.
მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით დაგეგმილ ღონისძიებაზე, რომელიც ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხვალ, 14:00 საათიდან დაიწყება, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის მიერ წარმოდგენილი იქნება საინფორმაციო და საგამოფენო სტენდები, ასევე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, სასაზღვრო პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სპეცტექნიკა, აღჭურვილობა და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.
ღონისძიების ფარგლებში ბავშვებისთვის არაერთი თემატური საინფორმაციო-შემეცნებითი აქტივობაა დაგეგმილი, მოწყობილი იქნება გასართობი სივრცეები:
- საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი იქნება „ჭკვიანი ქალაქის“ კონცეფცია, ქალაქში მოძრაობის წესებთან დაკავშირებით. დეპარტამენტის თანამშრომლები ადგილზე მისულ სტუმრებს სხვადასხვა სახალისო აქტივობის შესრულებაში დაეხმარებიან;
- საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი - „112“ მოზარდებს სპეციალურად მათთვის შექმნილ თამაშებში მონაწილეობას შესთავაზებს, საიდანაც შეიტყობენ, თუ როგორ უნდა მოიქცნენ გადაუდებელ შემთხვევებში, ასევე ღონისძიებაზე მისულ მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, „სიცოცხლის ზარის“ სტენდთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112"-ში შესულ რეალურ ზარებს მოუსმინონ;
- საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის მიერ მოწყობილი იქნება იმიტირებული შემთხვევის ოთახი, სადაც ბავშვებმა უნდა აღმოაჩინონ ნივთმტკიცებები და მენტორებთან ერთად მოახდინონ მისი ამოღება და სწორად დალუქვა;
- მომსახურების სააგენტო პატარა დამთვალიერებლებს იმიტირებულ ქალაქში უმასპინძლებს და მათ ველოსიპედის მართვის მოწმობის ასაღებად სახალისო, როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული გამოცდის ჩაბარებას შესთავაზებს. მოეწყობა საინფორმაციო კუთხე, სადაც სააგენტოს თანამშრომლები სტუმრებს ონლაინ სერვისების შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან.
- საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური წარმოადგენს საინფორმაციო-შემეცნებით შოუს მეხანძრე-მაშველების მონაწილეობით, ასევე ბავშვებისთვის მოეწყობა „დაბრკოლებათა ზოლი“, საცოცი კედელი და სხვადასხვა გასართობი აქტივობა;
- სასაზღვრო პოლიცია წარმოდგენილი იქნება, როგორც სანაპირო, ასევე სახმელეთო სპეცტექნიკითა და აღჭურვილობით;
- დაცვის პოლიცია პატარა სტუმრებისთვის მოაწყობს იმიტირებულ დაცულ სახლს და მათ სხვადასხვა შემეცნებით აქტივობას შესთავაზებს, რომელიც მოიცავს ხატვისა და ძერწვის სახალისო გაკვეთილებს. მენტორების დახმარებით ბავშვები მოირგებენ დაცვის პოლიციის აღჭურვილობას და პოლიციელის ფუნქციას შეასრულებენ;
- შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია წარმოადგენს იმიტირებულ თეორიულ გამოცდას, რომლის წარმატებით გავლის შემთხვევაში სტუმრები ვირტუალური ტირისთვის განკუთვნილ სივრცეში გადაინაცვლებენ;
17:10 საათზე, ზუსტად იმ დროს, როდესაც 1918 წელს ნოე ჟორდანიამ საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა, გაჟღერდება საქართველოს ჰიმნი.
ღონისძიება საღამოს კონცერტით დასრულდება.