შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-შემეცნებითი კამპანიის - ”ემეგობრე პოლიციას” ფარგლებში, სკოლებში შეხვედრები გრძელდება.
ამჯერად სამინისტროს წარმომადგენლებმა შეხვედრები თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის 11 სხვადასხვა სკოლაში, ჯამში 700 - მდე უფროსკლასელთან გამართეს.
საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრების მიზანია სკოლის მოსწავლეებში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის შესახებ ცნობიერების ამაღლება, ასევე, არასრულწლოვნების მიერ და მათ მიმართ ჩადენილი დანაშაულების პრევენცია.
საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ბავშვებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესებზე ესაუბრნენ და სხვადასხვა საგზაო ნიშნის დანიშნულება განუმარტეს. მართლწესრიგის ოფიცრებმა კი მოზარდებს ინფორმაცია მიაწოდეს მართლწესრიგთან დაკავშირებით მათთვის საჭირო და აქტუალურ სხვადასხვა თემაზე, მათ შორის ბავშვთა უფლებების, ნაადრევი ქორწინების და მისი ზიანის, ბულინგის, ძალადობის, ორგანიზებული დანაშაულის მიმართულებების - ტრეფიკინგის, კიბერდანაშაულის, „ქურდული“ მენტალიტეტის და ნარკოდანაშაულის შესახებ.
შეხვედრებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ბავშვებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებასა და ორგანიზებულ დანაშაულზე გადაღებული ვიდეორგოლები უჩვენეს, შემდეგ კი მოსწავლეების შეკითხვებს უპასუხეს.