შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს სხდომას დაესწრო, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობდა.
საბჭოს წევრებმა, მსოფლიოსა და რეგიონში შექმნილი ახალი ვითარების კონტექსტში, ქვეყანაში არსებული უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელეს, უსაფრთხოების თვალსაზრისით ქვეყანაში არსებული პრევენციული ღონისძიებების კიდევ უფრო გაძლიერებასა და უსაფრთხოების დამატებითი ზომების მიღებაზე ისაუბრეს. ასევე დაიგეგმა სასაზღვრო რეჟიმის და სტრატეგიული ობიექტების კონტროლის გამკაცრების ღონისძიებები.
„მე ჩემი მიმართულებით შემიძლია გითხრათ, რომ კონკრეტულად გამკაცრდება სასაზღვრო რეჟიმი, როგორც გამშვებ პუნქტებში, ასევე მწვანე ზოლზე, აგრეთვე გაძლიერდება საპოლიციო კონტროლი. ჩვენ მუდმივად კომუნიკაციაში ვიქნებით ჩვენს პარტნიორ მეგობარ ქვეყნებთან, სამართალდამცავ უწყებებთან“, - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა სხდომის დასრულების შემდეგ.
სხდომას ასევე ესწრებოდნენ საბჭოს წევრები: საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი მინდია ჯანელიძე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ვახტანგ გომელაური, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძე, დაზვერვის დეპარტამენტის უფროსი დავით სუჯაშვილი და პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი.