შს სამინისტროს ინიციატივით, შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის და განათლების და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლებმა, ბავშვთა ძალადობისგან დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თბილისის 191-ე საშუალო სკოლის 44 უფროსკლასელ მოსწავლესთან საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრა გამართეს.
შსს-ს წარმომადგენლები მოზარდებს ბავშვთა ძალადობის სხვადასხვა ფორმის, მათ შორის, ბულინგის შესახებ ესაუბრნენ, რომელიც გავრცელებულია სკოლის ასაკის ბავშვებში და ინფორმაცია მიაწოდეს იმ მძიმე დანაშაულების შესახებ, რომლებშიც შესაძლოა ბავშვები ჩართული იყვნენ, როგორც მსხვერპლნი. ასევე განიხილეს ბავშვთა ძალადობის ერთ-ერთი ფორმის - არასრულწლოვანთა ტრეფიკინგის და ონლაინ სექსუალური ექსპუატაციის საფრთხეების საკითხები.
შეხვედრის მონაწილეებმა მოზარდების შეკითხვებს ამომწურავად უპასუხეს. გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ის წარმომადგენელმა მოსწავლეებს მიაწოდა ინფორმაცია, რომ თუ ისინი გახდებიან ძალადობის ნებისმიერი ფორმის მსხვერპლი, თვითმხილველი ან თანამონაწილე, აუცილებლად უნდა დარეკონ „112“-ში, რათა მოხდეს შესაბამისი რეაგირება. შეხვედრაზე მოზარდებს შსს-ს მიერ ძალადობის წინააღმდეგ მომზადებული ვიდეორგოლები უჩვენეს.
ღონისძიებას ესწრებოდნენ შსს-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის პროექტების მართვის სამმართველოს უფროსი მაკა ფერაძე, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების დეტექტივ-გამომძიებელი დიანა როსტიაშვილი, შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ის ინსპექტირების სამსახურის მთავარი სპეციალისტი ირმა უტიაშვილი, სსიპ საგანმანათლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრის ფსიქოლოგი თეონა ჩიტიაშვილი.