შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, რიგაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მინისტერიალს დაესწრო და ევროკავშირის წევრი ქვეყნების, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების იუსტიციის და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა. შეხვედრაზე მიგრაციის, სამართალდაცვით სფეროში გასატარებელი რეფორმების, ტერორიზმის სამართლებრივი ასპექტები და პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხები განიხილეს.
ვახტანგ გომელაურმა ასევე გამართა ორმხრივი შეხვედრები კვიპროსის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრ სოკრატეს ჰასიკოსთან, ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურ შინაგან საქმეთა მინისტრ იოანა მიქლ-ლაიტნერთან, ფინეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრ ფეივი რესენენთან, პოლონეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, სახელმწიფო მდივან პიოტრ სტახანჩიკთან, პორტუგალიის შიდა ადმინისტრაციის მინისტრ ანაბელა როდრიგესთან, ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს ვიცე-პრემიერ, შიდა უსაფრთხოების, ეკონომიკისა და ვაჭრობის მინისტრ ეტიენ შნაიდერთან, ბელგიის სამეფოს შინაგან საქმეთა მინისტრ ჟან ჟამბონთან, გერმანიის ფედერალურ შინაგან საქმეთა მინისტრ თომას დე მაზიერთან, კვიპროსის რესპუბლიკის იუსტიციის და საზოგადოებრივი წესრიგის მინისტრ იონას ნიკოლაუსთან და ნიდერლანდების სამეფოს სახელმწიფო მდივანსა და უსაფრთხოების მინისტრ ფრედრიკ ტეევენთან. ორმხრივ შეხვედრებზე მხარეებმა ევროინტეგრაციის პროცესში საქართველოს მხარდაჭერასა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს.
შსს-ში გატარებული რეფორმების და სამომავლო გეგმების შესახებ მინისტერიალზე ანგარიში იქნა წარდგენილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაციაში, რომელსაც მინისტრი ხელმძღვანელობს, მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი შალვა კვინიხიძეც შედიან.
აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრების პირველი შეხვედრა 2013 წელს ლუქსემბურგში გაიმართა და მასში მონაწილეობა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ამჟამინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო.