შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა მონაწილეობა მიიღო ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გოტემიოლერი თავმჯდომარეობდნენ.
სხდომა საქართველოში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს (NAC) ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებმა ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები განიხილეს. მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და ამ მიმართულებით ნატო-საქართველოს პრაქტიკული თანამშრომლობის მნიშვნელობას.
ჩრდილოატლანტიკურ საბჭოს საქართველო უკვე მეხუთედ მასპინძლობს, რაც საქართველოსა და ალიანსს შორის ურთიერთობების გაღრმავებისა და აქტიური თანამშრომლობის ნათელი დასტურია. ნატოს დელეგაციის შემადგენლობაში ალიანსის 29 წევრი ქვეყნის მუდმივი წარმომადგენლები არიან. დელეგაციას ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე, როუზ გოტემიოლერი ხელმძღვანელობს.