შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და მთავრობის სხვა წევრებთან ერთად, ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გოტმიოლერთან გამართულ ორმხრივ შეხვედრას დაესწრო.
ღონისძიება ჩრდილოატლანტიკური საბჭოს საქართველოში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი და ნატოს დელეგაციის სხვა წევრები.
მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ნატო-საქართველოს თანამშრომლობის დღის წესრიგის ყველა მნიშვნელოვან საკითხსა და რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე. შეხვედრის მონაწილეებმა შავი ზღვის რეგიონში თანამშრომლობის გაძლიერების სამომავლო პრაქტიკული ნაბიჯებიც განიხილეს.
ნატოს დელეგაციის წევრებმა დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისა და მართლმსაჯულების კუთხით ქართული მხარის მიერ გადადგმული ნაბიჯები პოზიტიურად შეაფასეს.