შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებს შეხვდა.
შეხვედრაზე მინისტრმა უწყებაში სისტემური განახლების ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ და სოციალურ პროექტებზე ისაუბრა.
ვახტანგ გომელაურმა თანამშრომლებს პირადად გააცნო ცვლილებები, რომელთა მიხედვითაც 2020 წლის 1-ლი ივლისიდან სამინისტროს ყველა თანამშრომელს ანაზღაურება 125 ლარით გაეზრდება.
როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, სამინისტროს გამართული ფუნქციონირების, მართლწესრიგისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის მნიშვნელოვანია როგორც ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება და პოლიციელებისთვის კომფორტული სამუშაო პირობების, ასევე, სამინისტროს თითოეული თანამშრომლისთვის ღირსეული სოციალური გარანტიების შექმნა.
ვახტანგ გომელაურმა სამინისტროს დანაყოფების წარმომადგენლებს სოციალური პირობების გაუმჯობესების პროექტების ფარგლებში მიმდინარე შეღავათიანი ბინათმშენებლობის პროცესის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.