შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ ადამიანის მძევლად ჩაგდების საქმეზე ჩატარებული წარმატებული ოპერაციის მონაწილე, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის 28 თანამშრომელი დააჯილდოვა. მინისტრმა პოლიციელებს წოდებები ვადაზე ადრე მიანიჭა და ცეცხლსასროლი იარაღებით დაასაჩუქრა.
შსს-ს თანამშრომლებმა კომპლექსური ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ყოფილი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ანუ კუდ-ის თანამშრომელი - 1962 წელს დაბადებული დურმიშხან ღვაჩლიანი, ყოფილი სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ანუ სოდ-ის თანამშორმელი - 1977 წელს დაბადებული ჯემალ შონია, ასევე, 1983 წელს დაბადებული ალექსანდრე ჭანტურია და 1978 წელს დაბადებული გიორგი ქალდანი - იოსებ გიორხელიძის ანგარებით მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტზე დააკავეს.
10 ოქტომბერს ჯემალ შონიამ და გიორგი ქალდანმა მოტყუებით შეაღწიეს გიორხელიძის სახლში, იარაღის მუქარით გამოიყვანეს სახლიდან იოსებ გიორხელიძე, რომელსაც ფულის გამოძალვის მიზნით თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს. გამტაცებლები იმავე დღეს დაუკავშირდნენ რამინ გიორხელიძეს და შვილის გათავისუფლების სანაცვლოდ 300 000 აშშ დოლარი მოსთხოვეს. რამინ გიორხელიძემ სამართალდამცველებს მიმართა.
სამართალდამცველებმა, ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 12 ოქტომბერს ჯემალ შონია და ალექსანდრე ჭანტურია - თბილისში, ხოლო 13 ოქტომბერს დურმიშხან ღვარჩლიანი დაბა წყნეთში და გიორგი ქალდანი სოფელ არმაზში დააკავეს. სრულად ამოღებულია ფულადი თანხა 300 000 აშშ დოლარის ოდენობით. დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას სამართალდამცველებმა ასევე ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღები და ნარკოტიკული საშუალება.