შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, ვეტერანის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო. ღონისძიების ფარგლებში, „ვეტერანის პარკი“-ს გახსნა დაანონსდა. 2015 წლის 17 ოქტომბერს, მერიის მხარდაჭერით, ვეტერანის პარკი გაიხსნება, სადაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლების დროს დაღუპული გმირების 4000 სახელობითი ხე დაირგვება.
დღევანდელ ღონისძიებაზე შეკრებილმა სტუმრებმა სახელობითი ხეები დარგეს. შინაგან საქმეთა მინისტრმა სიმბოლურად დარგო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლის დროს დაღუპული გმირის - ჟიული შარტავას სახელობითი ხე.
სტუმრებს სიტყვით მიმართეს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა ირაკლი შიხიაშვილმა და თბილისის მერმა დავით ნარმანიამ. ღონისძიებას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები, თბილისის მერი, მთავრობის, პარლამენტის, საპატრიარქოს წარმომადგენლები, ვეტერანები და დაღუპულთა ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინიციატივით, 17 ოქტომბერი „ვეტერანის დღედ“ გამოცხადდა. 1995 წლის 17 ოქტომბერს პარლამენტმა მიიღო კანონი ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ. სწორედ ამ დღეს დაუკავშირდა 17 ოქტომბრის „ვეტერანის დღედ“ გამოცხადება.