შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ტექნიკური განახლება გრძელდება. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძემ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსთან - თემურ მღებრიშვილთან ერთად, 30 ახალი, გერმანული წარმოების, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სახანძრო მანქანა პირადად წარადგინა, რომლებიც 2020 წლიდან თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ბორჯომში, ზუგდიდში, რუსთავსა და სიღნაღში განაწილდება.
ღონისძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
სპეციალურად საქართველოსთვის შექმნილი, მაღალი გამავლობის სახანძრო ტექნიკა გერმანიაში, კომპანია "მაგირუსის" ქარხანაში, ჩვენი ქვეყნის რელიეფური პირობების გათვალისწინებით აეწყო. ახალი მანქანები მობილურობითა და მანევრულობით გამოირჩევა. ასევე, აღჭურვილია მაღალი და დაბალი წნევის ტუმბოთი, აქვს წყლის 4,5-ტონიანი ავზი და ქაფის 300-ლიტრიანი ავზი. ავტომანქანებში დამონტაჟებულია ყველა საჭირო სახანძრო-სამაშველო აღჭურვილობა, რომლებიც სრულად ავტომატიზებულია, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია მისი მექანიკური მართვა."მაგირუსის" სახანძრო ტექნიკა განთავსებულია "ივეკოს" ფირმის საავტომობილო შასზე.
ქართველი მეხანძრე-მაშველები ახალ სახანძრო ტექნიკასთან მუშაობის და მართვის სპეციფიკას გერმანელი ინსტრუქტორების დახმარებით გაეცნენ და სპეციალური გადამზადება კვალიფიციურ ტრენერებთან გაიარეს.
ამავე ღონისძიებაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ 15 მეხანძრე-მაშველი სხვადასხვა საგანგებო სიტუაციაში გამოვლენილი განსაკუთრებული სიმამაცისთვის დააჯილდოვა.
განსაკუთრებული დამსახურებისთვის, სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა ახმეტის სახანძრო-სამაშველო განყოფილების თანამშრომელი ლევან ოღაძე, რომელიც 2019 წლის 12 მარტს მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად, 34 წლის ასაკში გარდაიცვალა. ჯილდო მის შვილს, 6 წლის სანდრო ოღაძეს გადაეცა.