შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ მონაწილეობა მიიღო ევროპის საბჭოს (CoE) პროექტის - „ადამიანის უფლებების დაცვით საპოლიციო ზომების გატარება საქართველოში“ - მმართველი კომიტეტის პირველ შეხვედრაში.
ღონისძიება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ - ალექსანდრე დარახველიძემ, ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ - სტეფან სირბუმ, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა - კარლო კაციტაძემ, სახალხო დამცველის მოადგილემ - გიორგი ბურჯანაძემ და ევროპის საბჭოს (CoE) პოლიციისა და თავისუფლების აღკვეთის საკითხებზე თანამშრომლობის მე-2 განყოფილების ხელმძღვანელმა - დონჩე ბოშკოვსკიმ გახსნეს.
შეხვედრის მონაწილეებმა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სხვა პარტნიორი უწყებების მიერ პროექტის ფარგლებში, მომავალი 6 თვის განმავლობაში განსახორციელებელი აქტივობები განიხილეს.
ალექსანდრე დარახველიძემ აღნიშნა, რომ ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში, ტერიტორიული და სტრუქტურული ერთეულების რიგით და მენეჯერულ პოზიციაზე მყოფი პირებისათვის გადამზადების არაერთი ტრენინგი და სწავლება ჩატარდა. მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა მიმდინარე წელს, ევროპის საბჭოს მხარდაჭერით განხორციელებული პროექტების მნიშვნელობას, ასევე შეაჯამა მნიშვნელოვანი აქტივობები და მიღწეული შედეგები.
ალექსანდრე დარახველიძემ ევროპის საბჭოს მადლობა გადაუხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების გაძლიერებაში მხარდაჭერისთვის.
ღონისძიების დასასრულს, მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გაგრძელების მზაობა გამოთქვეს.
აღნიშნული პროექტი შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სხვა პარტნიორ უწყებებთან მჭიდრო თანამშრომლობით, 2021 წლიდან ხორციელდება. პროექტის მიზანია საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერა საპოლიციო საქმიანობის ეფექტიანი და ანგარიშვალდებული წესით შესრულების მონიტორინგში, ადამიანის უფლებების სტანდარტების გაძლიერების გზით.