შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ - ალექსანდრე დარახველიძემ მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის ხელშეწყობა საქართველოში“ - მმართველი კომიტეტის პირველ შეხვედრაში. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ პროკურატურის, იუსტიციის სამინისტროს, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები.
შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ სახელმწიფო უწყებების დღის წესრიგში ისეთი გლობალური საკითხები დგას, როგორიცაა ორგანიზებული დანაშაული, ნარკოტრეფიკინგი, კიბერდანაშაული, ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი), რომლის წინააღმდეგ საბრძოლველად საჭიროა არა მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევა, არამედ ევროპული გამოცდილების გაზიარება.
ალექსანდრე დარახველიძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სისხლის სამართლის სექტორის ძირითადი ინსტიტუტების შესაძლებლობების შემდგომ გაძლიერებაზე, ასევე, ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული მიზნებისა და პრიორიტეტების განხორციელებაში საქართველოს მხარდაჭერაზე.
შეხვედრაზე მხარეებმა პროექტის პირველადი ანგარიშის მიღება დაადასტურეს. ღონისძიების დასასრულს, ალექსანდრე დარახველიძემ მადლობა გადაუხდა ევროკავშირის დელეგაციას საქართველოში შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის წლების განმავლობაში აღმოჩენილი მხარდაჭერისათვის, შესაძლებლობების გაძლიერებისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის.
პროექტის განხორციელება 2023 წლის ოქტომბერში დაიწყო და მიზნად ისახავს საქართველოს მხარდაჭერას მართლმსაჯულების სექტორში რეფორმების განხორციელების მიმართულებით, განსაკუთრებით ევროკავშირთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულებასთან მიმართებით, ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების/დღის წესრიგის შესაბამისად.