შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძე, ევროპის საბჭოს პომპიდუს ჯგუფის აღმასრულებელ მდივანს - დენის ჰუბერსა და ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს - კრისტიან ურსეს შეხვდა.
შეხვედრაზე ვლადიმერ ბორცვაძემ ხაზი გაუსვა ევროპის საბჭოს ოფისს, ევროპის საბჭოს პომპიდუს ჯგუფსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ საქართველოს მიერ განხორციელებულ თანმიმდევრულ ნარკოპოლიტიკაზე, ნარკოდანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით უწყებაში დანერგილი სიახლეებისა და სამინისტროს მიერ 2019 წელს უკანონო ბრუნვიდან ამოღებული დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების შესახებ ისაუბრა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის მნიშვნელობა, პომპიდუს ჯგუფში ქვეყნის გაწევრიანების პერსპექტივები და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების განვითარების მიზნით პომპიდუს ჯგუფთან სამომავლო თანამშრომლობა.
ვლადიმერ ბორცვაძემ ევროპის საბჭოს მხარეს მადლობა გადაუხადა პომპიდუს ჯგუფის მიერ ორგანიზებულ სასწავლო კურსებსა და შეხვედრებში სამინისტროს თანამშრომელთა მონაწილეობის უზრუნველყოფისთვის.