საქართველოს ოთხდღიანი ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალების წარმომადგენლები ეწვივნენ. აშშ-ს კუთვნილი ხომალდი „OAK HILL“ (LSD-51) ქალაქ ბათუმის ნავსადგურში 17 მარტს შემოვიდა.
ვიზიტის ფარგლებში ხომალდის ეკიპაჟის წარმომადგენლები შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელებს შეხვდნენ. ასევე გაიმართა შეხვედრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელ პირებთან და ქალაქ ბათუმის მერთან. აშშ-ის ხომალდზე საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლების და აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდის მონაწილეობით დაგეგმილია ერთობლივი წრთვნები (PASSEX) მალთაყვის მიმართულებით გადაადგილების დროს. ამერიკული ხომალდიდან დესანტირებისა და ამფიბიური მანევრების დემონსტრირება გაიმართება.
ხომალდის ეკიპაჟის წევრებსა და სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებს შორის გაიმართება ამხანაგური შეხვედრა ფეხბურთში. შემდეგ ამერიკელი სტუმრები ქართველ კოლეგებს საკუთარ ხომალდზე უმასპინძლებენ.
აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდი „OAK HILL“ (LSD-51) საქართველოს ტერიტორიულ წყლებს 20 მარტს დატოვებს.