საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნატოს სამეცნიერო სასწავლო პროგრამა - “თანამშრომლობა შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების საკითხების“ ფარგლებში ჩატარებული ტრენინგის მონაწილეებს უმასპინძლა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დახმარებით მონაწილეები დიდ ხურვალეთში გაემგზავრნენ, სადაც ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლი მოინახულეს.
ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები ასევე ესტუმრნენ სსიპ - საქართველოს შსს აკადემიას, სადაც დაათვალიერეს აკადემიის ინფრასტრუქტურა და გაეცნნენ სიმულაციურ სავარჯიშოებს. დელეგატებს აკადემიისა და შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩაუტარეს პრეზენტაცია შსს აკადემიის შესახებ და გაუზიარეს საქართველოს გამოცდილება შავი ზღვის რეგიონში ტრეფიკინგთან დაკავშირებულ საკითხებზე.
8-12 ივნისს დაგეგმილ ტრენინგში საქართველოს გარდა მონაწილეობას იღებს ეგვიპტის, გერმანიის, ყირგიზეთის რესპუბლიკის, მოლდოვას, რუმინეთის, სერბეთის, თურქეთის, უკრაინისა და ამერიკის შეერთებული შტატების საჯარო უწყებებისა და უნივერსიტეტების წარმომადგენლები.