შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ფონიჭალაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში ბრალდებული პირი - 1995 წელს დაბადებული პ.გ. დააკავეს.
დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში, მსუბუქი ავტომანქანით გადაადგილებისას შეეჯახა გზის გვერდულზე გაჩერებულ ავტომობილს და ქვეითად მოსიარულე 7 პირს: 1996 წელს დაბადებულ ე.მ.-ს, 2016 წელს დაბადებულ ე.ა.-ს, 1974 წელს დაბადებულ მ.მ.-ს, 1991 წელს დაბადებულ ა.მ.-ს, 2009 წელს დაბადებულ ე.ა.-ს, 2013 წელს დაბადებულ რ.ა.-ს და 2016 წელს დაბადებულ ა.მ.-ს. ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ, პ.გ.-მ შემთხვევის ადგილი დატოვა და მიიმალა.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა დაშავებულები სამკურნალო დაწესებულებებში გადაიყვანეს. ისინი ამ დრომდე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან.
მიყენებული ტრავმების შედეგად, ადგილზე გარდაიცვალნენ ე.მ. და ე.ა., ხოლო საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ - ა.მ. და მ.მ.
სამართალდამცველებმა ბრალდებულის ადგილსამყოფელის დადგენა მალევე შეძლეს და იგი ფონიჭალის ტერიტორიაზე დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 128-ე მუხლით და 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს, რაც განსაცდელში მიტოვებას და ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.