შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და გაეროს პროექტების მომსახურების ოფისის (UNOPS) ორგანიზებით, საგანგებო და კრიზისული სიტუაციების გაშუქების საკითხებზე მედია საშუალებების წარმომადგენლებისთვის სემინარი ჩატარდა.
მედია სემინარი ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და სხვადასხვა ტელეკომპანიის, საინფორმაციო სააგენტოებისა და რეგიონული მედიის ჟურნალისტები ესწრებოდნენ.
სწავლებას საერთაშორისო ექსპერტები უძღვებოდნენ და მიზნად ისახავდა მედია საშუალებების წარმომადგენლებისთვის კრიზისული კომუნიკაციის საფუძვლების, მედიის როლის, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საერთაშორისო სტანდარტებისა და პროტოკოლების გაცნობას, შემდგომ მათი პრაქტიკაში გამოყენების მიზნით.
აღნიშნული სემინარი გაეროს პროექტების მომსახურების ოფისის (UNOPS) ორგანიზებითა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის - „ტექნიკური შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა ადამიანის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“ - ფარგლებში განხორციელდა.
აღნიშნული პროექტი „ევროკავშირი უსაფრთხოებისთვის, ანგარიშვალდებულებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისთვის საქართველოში (SAFE)“ - ინიციატივის ნაწილია და 2020 წლიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტთან მჭიდრო თანამშრომლობით ხორციელდება. მისი მიზანია საქართველოს უსაფრთხოების სექტორში ჩართული სახელმწიფო უწყებების ეფექტიანი და ანგარიშვალდებული მმართველობის ხელშეწყობა.