მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე ვახტანგ გომელაური წარადგინა. ვახტანგ გომელაურს დღემდე შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის პოსტი ეკავა. მან მინისტრის თანამდებობაზე ალექსანდრე ჭიკაიძე შეცვალა.
„ბატონი ვახტანგი გამოირჩევა თავისი პროფესიონალიზმით, თავისი წესიერებით, თავისი უანგარობით, საქმისადმი და ქვეყნისადმი ერთგულებით და პრინციპულობით. ეს არის მეტად საპასუხისმგებლო თანამდებობა, მას კარგად აქვს გააზრებული ის სიმძიმე, რომელიც ახლავს ამ თანამდებობობას. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე რთული სფერო, მაგრამ ეს სამინისტრო არ არის მისთვის ახალი. ბატონი ვახტანგი ბოლო 2 წლის განმავლობაში იკავებდა მინისტრის მოადგილის თანამდებობას. მანამდე წლების განმავლობაში ამ სისტემაში უწევდა მუშაობა. მე მინდა ვუსურვო მას წარმატებები, მე დარწმუნებული ვარ, იგი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ჩვენი მოლოდინები გაამართლოს, ხალხის მოლოდინები და იყოს წარმატებული მინისტრი“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ვახტანგ გომელაურის წარდგენისას.
შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პრემიერ-მინისტრს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა. „ვეცდები, გავამართლო თქვენი ნდობა, ხალხის იმედი. ჩემთვის უცხო არ არის შინაგან საქმეთა სამინისტრო. ჩემი ოცწლიანი სტაჟის ნახევარზე მეტს ითვლის შინაგან საქმეთა სამინისტროში მოღვაწეობა. ამ ორი წლის განმავლობაში მომიწია სხვადასხვა დეპარტამენტების ხელმძღვანელობა, მუშაობა მათთან და ვეცდები ყველაფერი ისე გავაკეთო, როგორც საჭირო იქნება და თქვენი იმედები გავამართლო“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.