შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1993 წელს დაბადებული თ.ღ., მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბათუმში დააკავეს. მას ბრალი სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით არაერთგზის ჩადენილ ქურდობაში ედება.
დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 2 ივნისს, ბათუმში მდებარე საკათედრო ტაძარში მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა 30 ლარამდე თანხას და საეკლესიო ნივთებს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ თ.ღ.-მ მიმდინარე წლის მარტში, ბათუმში, ერთ-ერთ მოქალაქეს საფულე და მობილური ტელეფონი მოჰპარა, ხოლო მაისში - სავაჭრო ჯიხური გაქურდა და გასაყიდ სუვენირებს უკანონოდ დაეუფლა.
პოლიციამ ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით არაერთგზის ჩადენილ ქურდობას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.