გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით, საქართველოს შს მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრ ტომას დე მეზიერს სამძიმრის წერილი გაუგზავნა.
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ქართველი ხალხის სახელით გამოვხატავ ღრმა მწუხარებას 2016 წლის 19 დეკემბერს, ბერლინის ცენტრში, საშობაო ბაზრობაზე მომხდარ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით, რამაც გამოიწვია 12 ადამიანის დაღუპვა და 50-მდე ადამიანის დაშავება.
ნება მომეცით, ამ მწუხარების ჟამს, თანაგრძნობა გამოვუცხადო დაღუპულთა ოჯახებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ საშინელი ტერორისტული აქტის შედეგად დაზარალდა. თითოეულ მათგანს ვუსურვებ გამძლეობასა და მორალურ მხნეობას. ჩვენ, გერმანელ ხალხს მტკიცე თანადგომას ვუცხადებთ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში“, - ნათქვამია სამძიმრის წერილში.