შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ, ნატო-ს გაერთიანებული საზღვაო ძალების (MARCOM) სარდლის მოადგილეს, ვიცე-ადმირალ ერვი ბლეჟონს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ნატო-საქართველოს შორის საზღვაო სფეროში არსებულ ორმხრივ ურთიერთობებსა და თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე ისაუბრეს. განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის მონაწილეობა ნატო-ს ოპერაცია „ზღვის მცველში“, რომლის მიზანსაც წარმოადგენს ხმელთაშუა ზღვასა და მის მიმდებარე საზღვაო სივრცეში უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
„საქართველოს, როგორც ნატო-ს საიმედო პარტნიორს, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს შავი ზღვის აუზის რეგიონის მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში. ჩვენ მზად ვართ, კიდევ უფრო გავზარდოთ ქართული კონტრიბუცია ნატო-ს საზღვაო ოპერაციებში, რაც, ცხადია, გააძლიერებს საქართველოს სანაპირო დაცვის შესაძლებლობებს და აამაღლებს ჩვენს ურთიერთთავსებადობას ალიანსის და პარტნიორი ქვეყნების საზღვაო ძალებთან.
ჩვენთვის დიდი პატივია, ვუმასპინძლოთ ალიანსის წევრი სახელმწიფოების 4 ხომალდს. დამერწმუნეთ, ჩვენი ქვეყნის პორტები მოკავშირეებისთვის მუდმივად ღია და უსაფრთხოა,“ - განაცხადა საქართველოს შს მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა ნატო-ს გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლის მოადგილესთან შეხვედრაზე.
თავის მხრივ, ვიცე-ადმირალმა ქართულ მხარეს ნატო-ს ეგიდით მიმდინარე ოპერაციებსა და მისიებში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველო ნატო-ს ღირებული და მნიშვნელოვანი პარტნიორია.
ერვი ბლეჟონის თქმით, ალიანსს შავ ზღვაზე სამი წევრი და ერთი გამორჩეული პარტნიორი ჰყავს, საქართველოს სახით.
ნატო-ს გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლის მოადგილემ მაღალი შეფასება მისცა საქართველოს შს სამინისტროში მიმდინარე რეფორმებს.
გიორგი მღებრიშვილთან შეხვედრაზე ვიცე-ადმირალმა ხაზი გაუსვა, რომ თანამშრომლობა ნატოს-ს საზღვაო ძალებსა და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტს შორის დინამიურად ვითარდება და 2018 წლისთვის კიდევ უფრო ინტენსიურ ხასიათს მიიღებს.
ვიცე-ადმირალმა, ასევე, დადებითად შეაფასა საქართველოს შსს-ს მეკავშირე ოფიცრის საქმიანობა ნატო-ს საზღვაო ძალების სარდლობაში.
შეხვედრის დასასრულს, ერვი ბლეჟონმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით დააფიქსირა ნატო-ს ურყევი პოზიცია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით.