საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, საპორტო ვიზიტით, ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის საფლაგმანო ხომალდი, რუმინეთის დროშის ქვეშ მცურავი „REGELE FERDINAND” და თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი ხომალდი შემოვიდა. დღესვე ბათუმის პორტს ნატო-ს საზღვაო შენაერთის ბულგარეთისა და რუმინეთის დროშის ქვეშ მცურავი კიდევ 2 ხომალდი ეწვევა.
ვიზიტს შინაგან საქმეთა სამინისტრო და საქართველოში ბულგარეთის საელჩო მასპინძლობს.
დელეგაციას ნატო-ს გაერთიანებული საზღვაო ძალების (MARCOM) სარდლის მოადგილე, ვიცე-ადმირალი ერვი ბლეჟონი ხელმძღვანელობს.
ვიცე-ადმირალს საქართველოს შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი შეხვდება.
დელეგაციის წევრები საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრსაც ეწვევიან.
გაიმართება პრესკონფერენცია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ: საქართველოს შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი; ნატო-ს საზღვაო ძალების სარდლის მოადგილე, ვიცე-ადმირალი ერვი ბლეჟონი; საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის უფროსის მოადგილე როსარია პუგლისი და ნატო-ს ნაღმსაწინააღმდეგო ხომალდების შენაერთის მეთაური ჯასთინ ჰეინისი.
ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის (SNMCMG2) ხომალდები ბათუმის ნავსადგურში 6 ნოემბრამდე დარჩებიან და ქართული მხარის მიერ ორგანიზებულ, სხვადასხვა ერთობლივ სწავლებასა და საჩვენებელ წვრთნებში მიიღებენ მონაწილეობას. აღნიშნული ღონისძიებები მიზნად ისახავს საქართველოს, ალიანსის და პარტნიორი ქვეყნების საზღვაო ძალების ურთიერთმოქმედებისა და ურთიერთთავსებადობის ამაღლებას.
ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთი (SNMCMG2) საქართველოს უკვე მესამედ სტუმრობს. შენაერთის ვიზიტი საქართველოში ალიანსის მხარდაჭერის მკაფიო გზავნილია. საქართველო ერთ-ერთია იმ 5 ქვეყანას შორის, რომელსაც ნატო, პარტნიორობის ურთიერთთავსებადობის ინიციატივის ფარგლებში, თანამშრომლობის გაღრმავების გაძლიერებულ შესაძლებლობებს სთავაზობს.
SNMCMG2 ხმელთაშუა ზღვის აკვატორიაში ოპერაცია „ზღვის მცველის“ მხარდაჭერას ახორციელებს და ხელს უწყობს ზღვაზე საერთაშორისო მიმოსვლის უსაფრთხოებას. ის, ასევე, წარმოადგენს ნატო-ს სწრაფი რეაგირების (NRF) საზღვაო კომპონენტს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ოპერაციაში „ზღვის მცველი“ ტაქტიკური მემორანდუმის საფუძველზე მონაწილეობს. 2014 წლიდან ნატო-ს საზღვაო ძალების სარდლობაში, მეკავშირე ოფიცრის სახით, მივლენილია შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელი, რომელიც აღნიშნული ოპერაციის წარმატებით განხორციელებას უწყობს ხელს.