შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი „მსოფლიო პოლიციისა და სახანძრო სამსახურის სპორტული ოლიმპიადა 2017“-ის გამარჯვებულ შსს-ს თანამშრომლებს შეხვდა და წარმატება მიულოცა. შს მინისტრმა ქართველი სპორტსმენი პოლიციელები სამინისტროს მედალიონებით - „განსაკუთრებული დამსახურებისთვის“ დააჯილდოვა.
„დღეს მე შსს-ს ის თანამშრომლები დავაჯილდოვე, რომლებმაც „მსოფლიო პოლიციისა და სახანძრო სამსახურის სპორტულ ოლიმპიადაზე“ 6 ოქროსა და 8 ვერცხლის მედალი მოიპოვეს. ისინი საუკეთესოები აღმოჩნდნენ მსოფლიოს 80-ზე მეტი ქვეყნის ათასობით მონაწილეს შორის, ასახელეს საქართველო და მისი პოლიცია.
მჯერა, რომ ჩვენი სპორტსმენი პოლიციელები კიდევ ბევრჯერ გაგვახარებენ თავიანთი წარმატებებით. მათი მიღწევები ძალიან მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისთვის, რომელსაც შსს-ს ყოველთვის აქტიურად მხარს უჭერს“, - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
საქართველოს შს სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის 11 თანამშრომელმა აშშ-ში, კალიფორნიის შტატის ქალაქ ლოს-ანჯელესში, „მსოფლიო პოლიციისა და სახანძრო სამსახურის სპორტულ ოლიმპიადა 2017“-ზე სპორტის 5 სახეობაში იასპარეზა და 6 ოქროს და 8 ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ოქროსმედალოსნები: თავისუფალი სტილით ჭიდაობა - იოსებ ხუციშვილი, ლუკა კურტანიძე და ბელდუხ გავაშელიშვილი, ძალოსნობა - ლევან გილიგაშვილი და ვასილ მინდორაშვილი, ცურვა - გიორგი სამარღანიშვილი.
ვერცხლისმედალოსნები: ცურვა - გიორგი ბერძენიშვილი (4 ვერცხლის მედალი), კრივი - ედუარდ იმერლიშვილი, ძალოსნობა - კობა კობახიძე, ძიუდო - ნოდარ მჭედლიშვილი და ალექსი დავითაშვილი.
აღნიშნული სპორტსმენები მსოფლიო ჩემპიონატებისა და საერთაშორისო ტურნირების მრავალგზის პრიზიორები არიან.
„მსოფლიო პოლიციისა და სახანძრო სამსახურის სპორტული ოლიმპიადა“ ტრადიციულად ორ წელიწადში ერთხელ, სხვადასხვა ქვეყანაში იმართება. მასში მსოფლიოს 80 ქვეყნიდან ათასობით მოქმედი და ყოფილი პოლიციელი, ასევე, მეხანძრე-მაშველი სპორტის 70-მდე სახეობაში ასპარეზობს.