შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ მთავრობის ადმინისტრაციაში სოლიდარობის ფონდში ჩართულობის ანგარიში წარადგინა. შეხვედრას მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორი დათო ნიკოლეიშვილი და სოლიდარობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მარიამ ჯაში ესწრებოდნენ. პროექტის ფარგლებში მომსახურების სააგენტო მოქალაქეებს, რომლებიც სააგენტოს ნებისმიერი სერვისით სარგებლობენ, საშუალებას აძლევს, განახორციელონ დონაცია და გახდნენ სოლიდარობის ფონდის მხარდამჭერები. პროექტის დაწყებიდან დღემდე - 6 თვის მანძილზე, მასში 28 240 მოქალაქე ჩაერთო. სააგენტოს განყოფილებებში არსებული „ლიბერთი ბანკის“ სერვის-ცენტრის მეშვეობით, სოლიდარობის ფონდში 33 352 ლარის გადარიცხვა განხორციელდა.
შსს-ს მომსახურების სააგენტო პირველი საჯარო დაწესებულებაა, რომელიც მოქალაქეებს აღნიშნულ საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობის საშუალებას აძლევს. ინიციატივა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვების მკურნალობის დაფინანსებაში საზოგადოების ჩართულობას.