შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი დღეს დილით ქალაქ თელავში მომხდარი შემთხვევის დროს დაჭრილი საპატრულო პოლიციის თანამშრომლის, მაია ჯავახიშვილის სანახავად თელავის ცენტრალურ საავადმყოფოში მივიდა. მინისტრი დაჭრილი პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობას ადგილზე გაეცნო.
„ძალიან მიჭირს რაიმე სახის კომენტარის გაკეთება. იცით, ალბათ, რომ ჩვენი ერთი თანამშრომელი გარდაიცვალა, მეორე - ებრძვის, ფაქტობრივად, სიკვდილს. უმორჩილესი თხოვნა მექნება ყველა ჟურნალისტთან: ნუ გაავრცელებთ გადაუმოწმებელ ინფორმაციას, რადგან საზოგადოება შედის შეცდომაში. გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს დამნაშავე საპატრულო პოლიციის შენობაში ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით შეიჭრა და ცეცხლი გახსნა. ეს ასე არ არის. გასროლა განხორციელებულია სანადირო თოფით საპატრულო პოლიციის ტერიტორიის მიღმა. დაკავებული პიროვნების ეზოსა და სახლს საპატრულო პოლიციის შენობის ეზოსგან ერთი ღობე ჰყოფს. მას თავისი ეზოდან აქვს განხორციელებული გასროლა და ამ პიროვნებას, წინასწარი მონაცემებით, ფისიქიკური პრობლემები აქვს“, - აღნიშნა გიორგი მღებრიშვილმა.
შს მინისტრმა, ასევე, უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას დანაშაულის შესაძლო მოტივის შესახებ და განაცხადა, რომ, წინასწარი მონაცემებით, დაკავებულის მხრიდან რაიმე სახის შურისძიებას ან სხვა გარემოებას ადგილი არ ჰქონია. „ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი მეორე თანამშრომელი გადარჩეს, რისთვისაც დამატებით ჩამოვიყვანეთ ექიმები თბილისიდან,“ - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
დღესვე შინაგან საქმეთა მინისტრმა გარდაცვლილი პოლიციელის გელა ლამაზოშვილის ოჯახს სოფელ აკურაში მიუსამძიმრა.