შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ - ალექსანდრე დარახველიძემ “საგზაო უსაფრთხოების ყოვლისმომცველი მონაცემთა ბაზის დანერგვისა და საგზაო უსაფრთხოების მართვის შემდგომი განვითარების (EU Twinning) პროექტის“ დახურვის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
ალექსანდრე დარახველიძემ სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა, საგზაო უსაფრთხოების მიმართულების პრიორიტეტულობას შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის და მადლობა გადაუხადა ევროკავშირის დელეგაციას საქართველოში პროექტის მხარდაჭერისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის.
მინისტრის მოადგილემ პროექტის ფარგლებში მიღწეული შედეგები შეაჯამა, ასევე ისაუბრა სამინისტროს ფარგლებში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ანალიზის განყოფილების შექმნის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ახლად შექმნილი განყოფილების მიზანი საფრთხეებისა და რისკების შესაბამისად, შემდგომი პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა და ავტოსაგზაო შემთხვევების გამომწვევი მიზეზების დეტალური ანალიზია.
ღონისძიებას ესწრებოდნენ პოლონეთის განვითარების ფონდისა და რეგიონული პოლიტიკის მინისტრის მოადგილე - კონრად ვოჟნაროვსკი, პოლონეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში - მარიუშ მაშკევიჩი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე - გურამ გურამაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - თეიმურაზ ჯანჯალია.
შეხვედრის დასასრულს ალექსანდრე დარახველიძემ მადლობა გადაუხადა პროექტის ორგანიზატორებსა და ბენეფიციარებს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და მათ პროექტის წარმატებით დასრულება მიულოცა.
“საგზაო უსაფრთხოების ყოვლისმომცველი მონაცემთა ბაზის დანერგვისა და საგზაო უსაფრთხოების მართვის შემდგომი განვითარების (EU Twinning) პროექტი” შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სხვა პარტნიორ უწყებებს შორის მჭიდრო თანამშრომლობით, 2022 წლიდან ხორციელდებოდა. პროექტის მიზანს საქართველოში საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით მომუშავე სახელმწიფო უწყებების შესაძლებლობების გაძლიერება და ავტოსაგზაო შემთხვევების აღრიცხვიანობის სისტემის გაუმჯობესება წარმოადგენდა. პროექტის ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს საჭიროებებზე მორგებული სწავლებები და სასწავლო ვიზიტები განხორციელდა, რომელთა ფარგლებში უწყების თანამშრომლები შემთხვევების ანალიზისთვის გამოყენებად საერთაშორისო მეთოდოლოგიებს გაეცნენ.