შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ - ალექსანდრე დარახველიძემ მონაწილეობა მიიღო კონფერენციის - „ქალები პოლიციაში“ - გახსნით ღონისძიებაში და მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა.
კონფერენციის გახსნით ღონისძიებას ასევე დაესწრნენ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში - რობინ დანიგანი და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს (INL) საქართველოს ოფისის დირექტორი - სარა რუპერტი.
ალექსანდრე დარახველიძემ მისასალმებელ სიტყვაში ხაზი გაუსვა შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების დაცვის პრიორიტეტულობას. მინისტრის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ ქალ პოლიციელად ყოფნა დიდი გამოწვევაა და საპოლიციო სისტემაში მათი როლი სულ უფრო იზრდება. მან ასევე ისაუბრა ქალი პოლიციელების როლზე გენდერულად მგრძნობიარე მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში.
ალექსანდრე დარახველიძემ აშშ-ის ელჩს საქართველოში - რობინ დანიგანს მადლობა გადაუხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს ინსტიტუციურ განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.
ღონისძიება მიზნად ისახავდა ქალ სამართალდამცველთა შესაძლებლობების გაძლიერებას და მათი მოტივაციის ამაღლებას.
კონფერენცია მოიცავდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: შევიწროება, დისკრიმინაცია, ლიდერობა, პირადი პასუხისმგებლობა, სტრესის მართვა, ეფექტური კომუნიკაცია, გენდერთან დაკავშირებული სტერეოტიპები და სხვ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს (INL) თანამშრომლობის ფარგლებში, მეთერთმეტე წელია, საქართველოში ტრადიციულად იმართება ყოველწლიური კონფერენცია - „ქალები პოლიციაში“.