შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების გავრცელების აღკვეთის ხელშეწყობის სახელმწიფო კომისიის რიგით მეთერთმეტე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები.
შეხვედრაზე დადებითად შეფასდა სახელმწიფოს მიერ გატარებული კომპლექსური ანტინარკოტიკული პოლიტიკა. კიდევ ერთხელ აქცენტი გაკეთდა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების კლების ტენდენციაზე. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ შეხვედრაზე წარმოდგენილი სტატისტიკის თანახმად, მარტში ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების საზღვარზე შემოტანის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
სახელმწიფო კომისია ახორციელებს მონიტორინგს ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებთან დაკავშირებით ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე და ამ კუთხით არსებულ გამოწვევებზე, ასევე უზრუნველყოფს შესაბამისი კანონმდებლობის აღსრულებას. სახელმწიფო კომისია ეფექტური მონიტორინგისა და ინფორმაციის სისტემატური გაცვლის მიზნით ყოველთვიურად იკრიბება.