შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველები 13 ივნისის საღამოდან საგანგებო რეჟიმში მუშაობდნენ. სამაშველო ოპერაციები თბილისის რამდენიმე რაიონში და თბილისის შემოგარენში მიმდინარეობდა. მოხერხდა ათეულობით ადამიანის შემთხვევის ადგილიდან გამოყვანა და გადარჩენა. სტიქიის ზონაში ხორციელდებოდა მოსახლეობის ევაკუაცია და მათი უსაფრთხო ადგილას გადაყვანა. ძლიერი წვიმით გამოწვეული სტიქიის გამო თბილისთან ახლოს, ახალდაბაში ჩამოიშალა გზის საფარი და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის დახმარებით ათეულობით ადამიანის უსაფრთხო ადგილზე გადმოყვანა შეძლეს. ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის დამაკმაყოფილებელია. სამაშველო ღონისძიებებში ასევე ჩართულია სააგენტოს სპეც-ტექნიკაც. ამ დროისათვის რამდენიმე ერთეული სახანძრო-სამაშველო ჯგუფი ჩართულია გაწმენდით სამუშაოებში, პარალელურად უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს საძიებო ოპერაციებიც.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველები 24-საათიან რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას.