შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამხარეო განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს თანამშრომლებმა ბაქო-სუფსის მაგისტრალურ მილსადენზე დაფიქსირებული მილის უკანონოდ მიერთების და მილსადენიდან ნავთობის ქურდობის მცდელობის ფაქტი გამოავლინეს.
შემთხვევის ადგილზე მისულმა დეპარტამენტის თანამშრომლებმა მილსადენზე დამონტაჟებული ონკანი, ონკანზე მიერთებული რეზინის მილი, ასევე, სამუშაო იარაღები - წერაქვი, ბარი და ურო აღმოაჩინეს. მათ „ბრითიშ პეტროლიუმის“ (BP) უსაფრთხოების ჯგუფი და პოლიცია გამოიძახეს.
მომხდართან დაკავშირებით, შსს-ს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველო გამოძიებას ქურდობის მცდელობის ფაქტზე აწარმოებს (საქართველოს სსკ-ს 19-177-ე მუხლით).