შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ყვარლის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული ლ. ა. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ლ.ა.-მ ყვარელში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე მაღაზია გაქურდა, საიდანაც სხვადასხვა დასახელების პროდუქტს ფარულად დაეუფლა. მანვე გაქურდა მაღაზიასთან მდებარე სწრაფი ჩარიცხვის აპარატი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
პოლიციამ მისი პირადი ჩხრეკისას დანაშაულის ჩადენის იარაღი - ძალაყინი, ასევე, მაღაზიიდან მოპარული სხვადასხვა დასახელების პროდუქტი და სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან წაღებული ფული ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 177 -ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით.