შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ ჯანმრთელობის დაცვის სამსახური თანამედროვე სამედიცინო-დიაგნოსტიკური აპარატურით აღიჭურვა. სამსახურის პოლიკლინიკაში ფუნქციონირება დაიწყო საერთაშორისო სტანდარტის რენტგენის კაბინეტმა, სადაც პაციენტების დიაგნოსტირება მაქსიმალური სიზუსტით და უმოკლეს ვადებში იქნება შესაძლებელი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის პოლიკლინიკაში 3 ახალი სტომატოლოგიური კაბინეტი მოეწყო, რომლებიც ასევე თანამედროვე მაღალხარისხიანი სამედიცინო აპარატურით აღიჭურვა.
პოლიკლინიკაში გაიზარდა პაციენტების ყოველდღიური მომსახურების შესაძლებლობა, თუ აქამდე კლინიკის მედპერსონალს 150-მდე პაციენტის მომსახურება შეეძლო, ეს რიცხვი 3-ჯერ 450 -მდე გაიზარდა.
თანამშრომელთა ჯანმრთელობა და სოციალური უზრუნველყოფა, საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა შინაგან საქმეთ სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია.
ჯანმრთელობის დაცვის სამსახური უზრუნველყოფს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების, თადარიგში დათხოვნილ პირების (პენსიონერების), მათი ოჯახის წევრების და სამინისტროს სასწავლო მიმართულების მსმენელთა მრავალპროფილურ სამედიცინო მომსახურებას. სამსახურის უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს თანამშრომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის და ფიზიკური განვითარების შენარჩუნება და განმტკიცება, ავადობისა და შრომისუუნარობის შემცირება, საჭიროების შემთხვევაში სტაციონარული მომსახურება, ავადმყოფთა და დაჭრილთა სამედიცინო რეაბილიტაცია.