შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ ახორციელებს ლიცენზირებული, ავტორიზებული, სანებართვო და სარეგისტრაციო დაწესებულებების ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას.
2022 წლის 2 მარტს მიღებულ იქნა საქართველოს მთავრობის №101-ე დადგენილება, რომლის საფუძველზეც, 2023 წლის 1 ივნისიდან, ფართოვდება რეგულაციას დაქვემდებარებული დაწესებულებების რაოდენობა, კერძოდ არსებულ ობიექტებს დაემატა: კერძო / საჯარო საგანმანათლებლო დაწესებულებები; სტაციონარული სამედიცინო დაწესებულებები; სიგარაბარები; სავაჭრო ცენტრები; ბაზარი / ბაზრობა.
ასევე, დაემატა ეკონომიკურ საქმიანობას დაქვემდებარებული ის ობიექტები, რომელთა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა ნებისმიერი წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში აღემატება 500 000 (ხუთასი ათასი) ლარს (საბითუმო ვაჭრობა; საცალო ვაჭრობა; განთავსების საშუალებით უზრუნველყოფა; საკვებით და სასმელით მომსახურება).
აღნიშნული დაწესებულებების განსაზღვრისას მხედველობაში იქნა მიღებული, როგორც ეკონომიკური ფაქტორი, ისე ობიექტთა საქმიანობის სპეციფიკური მახასიათებლები. დადგენილებითვე განისაზღვრა ვიდეომეთვალყურეობის სისტემის ტექნიკური მახასიათებლები და ვიდეომეთვალყურეობის სისტემის განთავსების წესები.
განხორციელებული ცვლილებები უზრუნველყოფს დანაშაულის პრევენციას, პირთა უსაფრთხოებისა და საკუთრების უფლების დაცვას.