შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში ინტერპელაციის წესით იმყოფებოდა.
ვახტანგ გომელაურმა შოვში მომხდარი ტრაგიკული მოვლენების შესახებ დეტალურად ისაუბრა და დეპუტატების მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა სტიქიის შედეგად დაღუპულების ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა. როგორც ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, შოვში მომხდარი სტიქია უდიდესი ტრაგედიაა მთელი ქვეყნისათვის:
„პირველ რიგში, მინდა კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩემი გულწრფელი მწუხარება მომხდარი ტრაგედიის გამო და მივუსამძიმრო გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს და ახლობლებს.
შოვში მომხდარი სტიქია უდიდესი ტრაგედიაა მთელი ქვეყნისათვის.
სტიქიასთან ბრძოლის დროს, ჩვენ დავკარგეთ ძალოვანი უწყებების, შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები - პოლიციის მაიორი, - მირიან ჭელიძე და თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის თანამშრომელი - თემურ ხარჩილავა. კიდევ ერთხელ, ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს, ახლობლებს და კოლეგებს. მადლობა მათ ქვეყნის სამსახურში ყოფნისთვის, მათი დაკარგვა დიდი ტკივილია ჩვენი დიდი ოჯახისთვის,“- განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.
სიტყვით გამოსვლისას, ვახტანგ გომელაურმა შოვში, სტიქიის ზონაში ძებნა-შველის ღონისძიებებში ჩართულ ყველა პირს მადლობა გადაუხადა.
„3 აგვისტოს, შოვში სტიქია ძალიან სწრაფად განვითარდა, ღვარცოფის უზარმაზარი მასა , რომელიც გარემოს დაცვის ექსპერტების პირველადი შეფასებით შეადგენდა დაახლოებით 5 მილიონ კუბურ მეტრს, დაიძრა სტიქიის ეპიცენტრის მიმართულებით და დაფარა კურორტ შოვის მიმდებარე ტერიტორია. აღნიშნულ მასაში, რამდენიმე მეტრი მიწის ქვეშ, მოყვნენ ადგილზე მყოფი ადამიანები. ამგვარი სიღრმის ქვეშ, მათი სიცოცხლის გადარჩენა ფაქტობრივად შეუძლებელი იყო.
ძებნა-შველის ოპერაციას და ამ ოდენობით მიწის მასის დამუშავებას თავისთავად დრო სჭირდებოდა. 100-მდე (86 ერთეული) მძიმე ტექნიკის მეშვეობით, მოხერხდა ღვარცოფული მასის სრულად გადამუშავება, რათა გარდაცვლილების პოვნა შეგვძლებოდა.
დღეის მონაცემებით, მაშველების მიერ ძებნა-შველის ღონისძიების შედეგად, აღმოჩენილია 32 ცხედარი და საძიებო სამუშაოები მიმდინარეობს 1 პირთან დაკავშირებით, რომელიც გაგრძელდება მანამ, სანამ იარსებებს მისი პოვნის თეორიული შანსი.
სამაშველო ოპერაციის დროს ნაპოვნი ცხედრები იმდენად იყო დაზიანებული, რომ გამორიცხულია გარდაცვალება მომენტალურად არ დამდგარიყო. ცხედრების უმეტესობა არის დანაწევრებული და ფაქტობრივად მაშველების მიერ ნაპოვნია სხეულის ფრაგმენტები.
ისმოდა სპეკულაციები, რომ ვერტმფრენით და სითბური დრონებით იყო შესაძლებელი სამაშველო ღონისძიებების დაჩქარება და ამ ადამიანების გადარჩენა. მინდა კიდევ ერთხელ განვმარტო, რომ პირველ დღეს ადგილზე მუშაობდნენ ვერტმფრენები და სითბური დრონები, თუმცა ელემენტარული ანალიზიც კი საკმარისია, იმისთვის რომ ადამიანი მიხვდეს - ვერტმფრენებით ან დრონებით ვინმეს აღმოჩენა შესაძლებელია მხოლოდ მიწის ზედაპირზე, ხოლო მიწისქვეშ მოყოლილთა პოვნა ვერტმფრენით ან დრონით შეუძლებელია.
საზოგადოებამ ნათლად იხილა, რომ ის ადამიანები, რომლებიც მიწის მასის ქვეშ მოყოლას გადარჩნენ, მაშველების, პოლიციელების და ადგილზე მყოფი მოქალაქეების მიერ უვნებლად იყვნენ გამოყვანილები უსაფრთხო ადგილას პირველივე საათებში. რისთვისაც კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო მათ“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.