შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პოლიციის დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან მიმდინარე წლის შემაჯამებელი სამუშაო თათბირი ჩაატარა. პოლიციის დეპარტამენტების დირექტორებთან შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე - შალვა ბედოიძე ესწრებოდა.
სამხარეო პოლიციის დეპარტამენტების დირექტორებმა მინისტრს რეგიონებში განხორციელებული საპოლიციო ღონისძიებების, დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით არსებული ვითარებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.
ვახტანგ გომელაურმა თითოეული პოლიციის დეპარტამენტის მიერ მთელი წლის განმავლობაში გახსნილი დანაშაულების გახსნის მაჩვენებელზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს გარკვეული ტიპის დანაშაულის რაოდენობის კლება დაფიქსირდა, გახსნის მაჩვენებელმა კი მოიმატა.
„ბევრად უკეთესია წლევანდელი წელი. ეს თქვენი დამსახურებაა, თქვენი მუშაობის, ბიჭების მუშაობის. გახსნის მაჩვენებელი ძალიან მკვეთრადაა გაზრდილი, რაც, პირველ რიგში, არის ძალიან კარგი. სხვადასხვა თვეებში იყო სხვადასხვა მუხლის, დანაშაულების მატება-კლება, სტატისტიკა ცოცხალი ორგანიზმია, ხან იმატებს, ხან იკლებს, თუმცა, მთლიანობაში დაკლებულია, რაც კარგია“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
შეხვედრაზე შინაგან საქმეთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა გატარებულ და მიმდინარე რეფორმებზე, მიმდინარე წელს განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ტექნიკური აღჭურვილობის განახლებაზე, ასევე, დანაშაულთან ბრძოლის შედეგებსა და საზოგადოების უსაფრთხოების მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე.
ვახტანგ გომელაურმა დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან ერთად განიხილა არსებული საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობა და სამომავლო თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივებზე ისაუბრა.
მინისტრმა საპოლიციო დანაყოფების ხელმძღვანელებთან აგრეთვე განიხილა მომავალ წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები და მთავრობის მეთაურის ინიციატივით სამინისტროს თანამშრომლებისთვის შრომის ანაზღაურების 20%-ით გაზრდის შესახებ ისაუბრა. მან ასევე ყურადღება გაამახვილა საპოლიციო საქმიანობის გაუმჯობესებისთვის საჭირო სამუშაოებსა და პრევენციულ ღონისძიებებზე.
ვახტანგ გომელაურმა მთელი წლის განმავლობაში შესრულებული ნაყოფიერი საქმიანობისთვის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით კომპლექსური ღონისძიებები 2023 წელსაც აქტიურად გაგრძელდება.