შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, მეხანძრე-მაშველის პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელებსა და მეხანძრე-მაშველებს შეხვდა და პროფესიული დღე მიულოცა.
„გილოცავთ დღევანდელ დღეს, გისურვებთ წარმატებებს, ყოველთვის ჯანმრთელები დაბრუნებულიყავით თქვენს ოჯახებში. მეხანძრე-მაშველი არის ნომერი ერთი, რომელსაც ყველა მოქალაქე პატივს სცემს, ყველას უყვარს.
ძნელია, მესმის, რთულია, ჩვენც ძალიან განვიცდით, პირდაპირ, გულით მინდა გითხრათ, რომ თითქმის ყველა ღონისძიებაზე ბატონი თემური ინფორმაციას მაწვდის, ფოტოებით, რა მდგომარეობაც არის და მე, რა თქმა უნდა, ბატონ პრემიერს ვაყენებ საქმის კურსში. როცა მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, ვთქვათ, დიდი ხანძარია, ან მყვინთავები სიცოცხლის გადარჩენაზე მუშაობენ ყველა განვიცდით და როცა დამთავრდება, ნამდვილად ბედნიერები ვართ.
ასე რომ, დიდი მადლობა მინდა გითხრათ ყველას. მართლა გულით გეუბნებით, ერთ-ერთი საამაყო, წარმატებული სამსახურია. როდესაც გადავარჩენთ ვინმეს, ამაყი დავდივარ“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა შეხვედრაზე.
ღონისძიებას მინისტრის მოადგილე - იოსებ ჭელიძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი - თემურ მღებრიშვილი ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე ვახტანგ გომელაურმა სამსახურში განხორციელებულ ღონისძიებებზე, მიმდინარე პროცესებსა და დაგეგმილ სიახლეებზე ინფორმაცია მოისმინა. მინისტრმა მეხანძრე-მაშველებს მადლობა გადაუხადა კორონავირუსთან ბრძოლის დროს გაწეული სამსახურისთვის და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 10 თანამშრომელი დააჯილდოვა.
სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტის უფროსი, დავით სუხიშვილი დაჯილდოვდა მეორე ხარისხის მედლით - „განსაკუთრებული დამსახურებისთვის“. მედალი -„მამაცობისთვის“ გადაეცათ სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსის მოადგილეებს - ანდრე ქუჯაიძესა და ლაშა თვაურს. ასევე დაჯილდოვდნენ მეხანძრე-მაშველები: იოსებ მორჩანოვი, იური ლაშქარაშვილი, გიორგი კვაჭანტირაძე, სერგო მურჯიკნელი, ალექსი მახათაძე ედიშერ მარსაგაშვილი. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცხელი ხაზის ოპერატორს, გვანცა ჩადუნელს გადაეცა მედალიონი „განსაკუთრებული დამსახურებისთვის“.
შინაგან საქმეთა მინისტრის სახელით, მეხანძრე-მაშველის პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 2000-მდე თანამშრომელს სხვადასხვა სახის ჯილდო გადაეცა.