შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური კახეთის რეგიონში პოლიციის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტების თანამშრომლებს შეხვდა.
ვიზიტის ფარგლებში, შინაგან საქმეთა მინისტრმა კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირიც გამართა.
შეხვედრას, მინისტრის პირველი მოადგილე - შალვა ბედოიძე, მინისტრის მოადგილე - გიორგი ბუთხუზი და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი - ზვიად ხარაზიშვილი ესწრებოდნენ.
ვახტანგ გომელაურმა რეგიონის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირებისგან მათ სამოქმედო ტერიტორიაზე დანაშაულთან ბრძოლის, ასევე, საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა სამუშაო თათბირზე სამინისტროს საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე გაამახვილა ყურადღება და დეპარტამენტის ხელმძღვანელებს შესაბამისი დავალებები მისცა.
ვახტანგ გომელაურმა თანამშრომლებს გაწეული ეფექტიანი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.