შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის ახალ ელჩს - დიეგო კოლასს შეხვდა.
ვახტანგ გომელაურმა ფრანგულ მხარეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრაზე მხარეებმა საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ უკანასკნელ პერიოდში განვითარებული მოვლენები, ასევე, ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების საკითხები და ჰუმანიტარული კუთხით არსებული ვითარება განიხილეს.
შეხვედრის მონაწილეებმა განსაკუთრებულად აღნიშნეს საქართველოსა და საფრანგეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი უწყებების მჭიდრო და ნაყოფიერი ურთიერთობა და თანამშრომლობის სამომავლო გეგმები განიხილეს. ეფექტიანი ორმხრივი თანამშრომლობის მაგალითია 2019 წლის 10 მაისს საფრანგეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ხელმოწერილი ადმინისტრაციული შეთანხმება, რომლის საფუძველზე, მიმდინარე წლის სექტემბერში შინაგან საქმეთა სამინისტრომ საფრანგეთში 6 თვის ვადით პოლიციის 3 ოფიცერი მიავლინა. აღნიშნული თანამშრომლობის მიზანია საფრანგეთის სამართალდამცავი ორგანოებისთვის დახმარების აღმოჩენა საფრანგეთში საქართველოს მოქალაქეების მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოვლენასა და უკანონო მიგრაციასთან ბრძოლაში.
ვახტანგ გომელაურმა და საფრანგეთის ელჩმა დამატებით განიხილეს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შენარჩუნების კუთხით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული და მიმდინარე ღონისძიებები.