შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომას დაესწრო. შეხვედრაზე ვახტანგ გომელაური დეპუტატებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში უკვე განხორციელებულ და დაგეგმილ, სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებულ შესყიდვებსა და სახელმწიფო ბიუჯეტიდან ამ პროგრამებისთვის გამოყოფილ თანხებზე ესაუბრა.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს სახელმწიფო საზღვრის დემარკაციის და დელიმიტაციის საკითხები. შეხვედრა მედიისთვის დახურულ ფორმატში წარიმართა.
ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში ნდობის ჯგუფთან შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიის კითხვებს უპასუხა.
"ნდობის ჯგუფთან, პირველ რიგში, ვისაუბრეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტზე, ასევე, საიდუმლო შესყიდვებზე, რაც ძალიან მცირე აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სხვა ძალოვან უწყებებთან შედარებით, 2018-2019 წლებში რა იყო და რას ვგეგმავთ 2020 წელს, რის შესყიდვას ვაპირებთ, როგორ არის ბიუჯეტი გაწერილი. ასევე, ვისაუბრეთ ხელფასების თემაზე, 2019 წელს რამდენ ადამიანს მოემატა და რა რაოდენობით ხელფასი, 2020 წელს რას ვაპირებთ და რამდენ ადამიანს მოემატება.
საუბარი იყო საზღვრის თემაზეც, არსებულ პრობლემებზე. რამდენიმე მიმართულებით გვაქვს პრობლემები, მაგალითად, აზერბაიჯანის მიმართულებით, ამაზე იყო საუბარი და ეს პრობლემა თითქმის გადაწყვეტილია.
თუმცა დემარკაცია-დემილიტარიზაციის პრობლემა გვაქვს სომხეთთან, ეს ძალიან შრომატევადი პროცესია და არ ველოდებით, რომ ერთ დღეში, ერთ წელში, უცებ გადაწყდება ეს ყველაფერი. ამაზე ვმუშაობთ. დახურული ფორმატი იყო და ბუნებრივია, დეტალებზე ვერ ვისაუბრებთ", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.