„რუსული მხარე ჩორჩანის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონო ქმედებებს განაგრძობს. ერთი თვის წინ დაამონტაჟეს რკინის ბოძები, რაზეც დღეს ცხაურების გაკვრა დაიწყეს“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებთან პარლამენტში, ნდობის ჯგუფის სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა. მისივე თქმით, ესკალაციის საფრთხე არ არსებობს და ვითარება სრულად ექვემდებარება კონტროლს.
ვახტანგ გომელაურის ინფორმაციითვე, ოკუპანტების მიერ უკანონო ბორდერიზაციის პროცესის განახლებისთანავე, ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიეწოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. ამასთანავე, ამოქმედდა ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ყველა შესაბამისი უწყება, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და საერთაშორისო ორგანიზაციები.