100 ქულაინი სისტემა და „უკონტაქტო პატრულირება“ ამოქმედდა
2017 წლის 1 ივლისიდან ძალაში შევიდა ცვლილებები საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონში, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და პოლიციის შესახებ საქართველოს კანონში.
ცვლილებების თანახმად, ამოქმედდა მართვის მოწმობისათვის მინიჭებულ ქულათა სისტემა და უკონტაქტო პატრულირება. ასევე, გამკაცრდა ბავშვთა ტრანსპორტით გადაყვანის და საგზაო უსაფრთხოების წესები.
მიმდინარე წლის 1 ივლისიდან თითოეულ იურიდიული ძალის მქონე მართვის მოწმობას მინიჭა 100 ქულა, რომელიც ძალაშია 2018 წლის 1 იანვრამდე.
2018 წლიდან, ყოველი კალენდარული წლის 1 იანვარს მართვის მოწმობას ასევე მიენიჭება 100 ქულა, რომელიც მთელი კალენდარული წლის განმავლობაში ძალაში იქნება. საქართველოს ტერიტორიაზე საგზაო მოძრაობის სფეროში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა გამოიწვევს მართვის მოწმობაზე დარიცხული ქულების შემცირებას. მძღოლს, სამართალდარღვევისთვის გათვალისწინებული ფულადი ჯარიმის დარიცხვასთან ერთად, მინიჭებული 100 ქულიდან სამართალდარღვევის შესაბამისად დააკლდება ქულა.
კალენდარული წლის განმავლობაში მართვის მოწმობაზე დარიცხული ქულების რაოდენობის 0-მდე შემცირება იწვევს მართვის მოწმობის მფლობელი პირისათვის მართვის უფლების შეჩერებას 1 წლის ვადით. მართვის უფლების ვადამდე აღდგენა შესაძლებელია, თუ პირი წარმატებით ჩააბარებს მართვის უფლების მისაღებ გამოცდას. მართვის უფლების ვადამდე აღდგენის მიზნით მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე გასვლა კალენდარული წლის განმავლობაში დასაშვებია მხოლოდ ერთხელ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო, ელექტრონული ფოსტის ან/და მოკლე ტექსტური შეტყობინების გზით, მართვის უფლების გაუქმების რისკის შესახებ გააფრთხილებს იმ პირს, რომლის მართვის მოწმობაზე დარიცხული ქულების რაოდენობა 50 ქულამდე, შემდეგში კი - 20 ქულამდე შემცირდება, თუ იგი ფლობს ამ პირის შესახებ შესაბამის საკონტაქტო ინფორმაციას. საჯარიმო ქვითარზე, ფულადი ჯარიმის ოდენობასთან ერთად, მითითებული იქნება სამართალდარღვევისათვის განსაზღვრული ქულა და მართვის მოწმობაზე დარჩენილი ქულების ოდენობა.
მოქალაქეებს ასევე შესაძლებლობა ექნებათ, მართვის მოწმობაზე დარიცხული ქულების შესახებ ინფორმაცია შსს-ს მომსახურების სააგენტოს ახალი მობილური აპლიკაცია „SAGENCY”-ის და სააგენტოს ვებ-გვერდის „SA.GOV.GE”-ს მეშვეობით მიიღონ.
ფოტო ან ვიდეოფირზე დაფიქსირებულ ჯარიმებზე, ასევე, ჯარიმის გადაუხდელობის გამო დაკისრებულ საურავზე ქულათა კლების სისტემა არ ვრცელდება.
2017 წლის 1 ივლისიდან ძალაში შედის „უკონტაქტო პატრულირება“. პოლიციას საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ეძლევა უფლება, თავის სარგებლობაში არსებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე დაამონტაჟოს ფოტო/ვიდეოტექნიკა, აგრეთვე, არასტაციონარული სიჩქარის მზომი ხელსაწყოები.
უკონტაქტო პატრულირების განხორციელების არეალის შესახებ ინფორმაცია განთავსდება საგზაო მონაკვეთის შესასვლელსა და გამოსასვლელში.
უკონტაქტო პატრულირებისას დაფიქსირებულ სამართალდარღვევაზე ფულადი ჯარიმა იწერება.
მოქალაქეთა მაქსიმალური ინფორმირების მიზნით, შსს-ს საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ქალაქებსა და რეგიონებში, მძღოლებსა და ქვეითებს საინფორმაციო ბუკლეტებს ურიგებენ. ბუკლეტებში საქართველოში მართვის მოწმობისათვის მინიჭებულ ქულათა სისტემასა და უკონტაქტო პატრულირებაზე, ასევე, ბავშვთა ტრანსპორტით გადაყვანის უსაფრთხოების წესების გამკაცრებასა და სხვა საკანონმდებლო სიახლეების შესახებ დეტალური ინფორმაციაა მოცემული.