„ჭკვიანი კამერები“ - საქართველოს რეგიონებისთვის
შსს-ს პროექტის - „უსაფრთხო ქალაქი, უსაფრთხო რეგიონი, უსაფრთხო ქვეყანა“ ფარგლებში, სხვადასხვა რეგიონის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე შსს-ს ერთობლივი ოპერაციების ცენტრის წარმომადგენლებმა სტუმრებს პროექტის ძირითადი მიზანი, დანიშნულება და მოსალოდნელი შედეგები გააცნეს.
შეხვედრის მონაწილეებმა საქართველოს რეგიონების ავტოსატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომრის ამომცნობ ანალიტიკურ პროგრამულ უზრუნველყოფასთან თავსებადი და ზოგადი ხედვის ვიდეოსამეთვალყურეო სისტემებით აღჭურვასთან დაკავშირებული, ერთობლივად განსახორციელებელი ღონისძიებები განიხილეს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, აღნიშნული საორგანიზაციო ღონისძიებების კოორდინირებულად და ორგანიზებულად წარმართვის მიზნით, რეგიონების თვითმმართველ ერთეულებს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს საქართველოს ყველა რეგიონის თვითმმართველობის ორგანოების ხელმძღვანელებმა მოაწერეს ხელი.
შსს-ს პროექტის - „უსაფრთხო ქალაქი, უსაფრთხო რეგიონი, უსაფრთხო ქვეყანა“ მიზანია, მთელი ქვეყნის მასშტაბით, რეალურ დროში, დანაშაულზე და ავტოსაგზაო შემთხვევებზე სწრაფი რეაგირებისა და მათი პრევენციის უზრუნველყოფა, რაც ასევე, საგრძნობლად გაზრდის პოლიციის საქმიანობის ეფექტურობას და გამოძიების ხარისხს.