ევროპის საბჭოს ექსპერტთა ჯგუფის (GRETA) მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ექსპერტთა ჯგუფი დადებითად აფასებს დანაშაულის პროაქტიული გამოვლენის მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროში არსებული შემოწმების სპეციალური მობილური ჯგუფების რაოდენობის გაზრდას, რომლებიც მუდმივ რეჟიმში ამოწმებენ ტრეფიკინგის დანაშაულის რისკის შემცველ ადგილებს.
ანგარიშში ხაზგასმულია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში შექმნილია მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის ინსტიტუტი, რომელიც 2020 წელს გაფართოვდა და გასული წლის სექტემბრის მდგომარეობით, სამინისტროს მასშტაბით, 15 კოორდინატორს მოიცავდა. მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორები პრიორიტეტულად მუშაობენ ტრეფიკინგის მსხვერპლებსა და მოწმეებთან, სამართალწარმოების ეტაპზე ახორციელებენ მათ ფსიქო-ემოციურ მხარდაჭერას, ასევე, უზრუნველყოფენ მათ მაქსიმალურ ინფორმირებულობას სახელმწიფოში არსებულ სერვისებზე.
ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში შექმნილია სპეციალური დანაყოფი - ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი, რომლის ფუნქციებში სხვა დანაშაულებთან ერთად შედის ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) საქმეებზე გამოძიების ხარისხის მონიტორინგი.
დოკუმენტში აგრეთვე მოხსენიებულია საერთაშორისო თანამშრომლობისა და პოლიციის ატაშეების როლი აღნიშნულ სფეროში. კერძოდ, დოკუმენტის თანახმად, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის მიმართულებით, საქართველოს 33 ქვეყანასთან აქვს გაფორმებული საერთაშორისო შეთანხმება/მემორანდუმი და წარგზავნილი ჰყავს 16 პოლიციის ატაშე, რომლებიც ხელს უწყობენ ინფორმაციისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას, მათ შორის ტრეფიკინგის დანაშაულების გამოძიებისა და იდენტიფიცირების სფეროში.
ექსპერტთა ჯგუფი ასევე მიესალმება შრომის უსაფრთხოების კანონის მიღებას, იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის გამოვლენის მიზნით შრომის ინსპექტორების რაოდენობის გაზრდას და შრომის ინსპექტორებსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მობილურ ჯგუფებს შორის თანამშრომლობის განვითარებას.