შინაგან საქმეთა სამინისტროში ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული (ქბრბ) საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა. სხდომას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორია თავმჯდომარეობდა. შეხვედრას შინაგან საქმეთა სამინისტროს, სხვადასხვა სახელმწიფო უწყების, აშშ-ს საელჩოს და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების შემცირების სფეროში ერთიანი მიდგომა შემუშავდა, რათა მოხდეს შესაბამისი საფრთხეებისა თუ გამოწვევებისადმი სახელმწიფოს ძალისხმევის კონსოლიდაცია. სწორედ ამ მიზნით, შსს-ს ხელმძღვანელობით შემუშავდა ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების შემცირების ეროვნული სტრატეგია. მისი ეფექტური იმპლემენტაციისთვის, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 21 თებერვლის №201 დადგენილებით, აღნიშნული უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭო შეიქმნა. საბჭოს საქმიანობას წარმოადგენს ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების შემცირების ეროვნული სტრატეგიის პერიოდული განახლება, სტრატეგიის სამოქმედო გეგმის შემუშავება, საჭიროებისამებრ განახლება და განხორციელების კონტროლი, ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ სფეროში უწყებათშორისი საქმიანობის კოორდინაცია.
სხდომაზე სამოქმედო გეგმის შემუშავების საკითხები განიხილეს, მისი შედგენის გრაფიკი განისაზღვრა და შესაბამისი თემატური სამუშაო ჯგუფები შეიქმნა. საბჭოს წარმომადგენლები გაეცნენ ევროკავშირის ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული რისკების შემცირების გამოცდილების გაზიარების ცენტრების თბილისის რეგიონული სამდივნოს პრეზენტაციას (სამდივნოს ფუნქცია, სტრატეგიის სამოქმედო გეგმის მონახაზი და ა.შ.) და აგრეთვე, მოისმინეს ინფორმაცია მიმდინარე წლის ივნისში, თბილისში გასამართი ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული მეცნიერებისა და შედეგების მართვის კონგრესის შესახებ.