შინაგან საქმეთა სამინისტროში, სისხლის სამართლის რეფორმის ფარგლებში, პოლიციის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა, რომელიც შსს-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორმა შალვა კვინიხიძემ გახსნა. მან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს პოლიციის კომპონენტისთვის სისხლის სამართლის რეფორმის განახლებული სამოქმედო გეგმა გააცნო.
შეხვედრაზე მიწვეულნი იყვნენ რეფორმის პროცესში ჩართული საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. მხარეებმა შსს-ს მიერ პერსონალურ მონაცემთა დაცვის კუთხით განხორციელებული ღონისძიებები და ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების შემცირების სტრატეგია განიხილეს. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა შსს-ს მიერ სხვადასხვა სფეროში ჩატარებული და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ანგარიში მოისმინეს.
სისხლის სამართლის რეფორმა საქართველოში ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით 2008 წლიდან მიმდინარეობს. რეფორმის განხორციელების პროცესში ჩართულია ყველა სამართალდამცავი სტრუქტურა, სახალხო დამცველის აპარატი, შესაბამისი საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები. შსს-ს სამუშაო ჯგუფის მიზანია პოლიციაში მიმდინარე რეფორმების განხილვა და რეკომენდაციების შემუშავება.