შს მინისტრის მოადგილე, შალვა ხუციშვილი შს სამინისტროსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთობლივი პროექტის - „შეისწავლე ისტორია - გახდი მკვლევარი“ - დასკვნით შეხვედრას დაესწრო.
ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, შსს-ს აკადემიის რექტორი გივი მიქანაძე, შსს-ს არქივის დირექტორი ომარ თუშურაშვილი, თბილისის საჯარო სკოლების პედაგოგები და მოსწავლეები.
შეხვედრაზე პროექტის მონაწილე ჯგუფებმა საკუთარი ნამუშევრების პრეზენტაცია წარმოადგინეს. ჟიურიმ მათ შორის საუკეთესო გამოავლინა. გამარჯვებული გახდა თბილისის N126-ე საჯარო სკოლის გუნდი. პროექტის ყველა მონაწილეს სიმბოლური საჩუქარი გადაეცა, გამარჯვებული ნაშრომი კი შსს-ს არქივის ჟურნალ „საარქივო მოამბეში“ დაიბეჭდება.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა N1 კლასიკური გიმნაზიის მოსწავლეები ნაშრომისთვის - „სპეცსამსახურების სათავეებთან, ისტორია და მუშაობის სპეციფიკა“ სპეციალური პრიზით დააჯილდოვა.
პროექტში 5 ჯგუფი მონაწილეობდა. საჯარო სკოლის პედაგოგებმა და მოსწავლეებმა საკითხები თემატური ბლოკიდან - „უახლესი ისტორია“ შეარჩიეს. თითოეული მათგანი, შსს-ს არქივის თანამშრომლების მხარდაჭერით, შერჩეულ თემაზე ინდივიდუალურად მუშაობდა.
პროექტის მიზანი იყო შსს-ს არქივში დაცული და საზოგადოებისთვის უკვე ხელმისაწვდომი საქართველოს უახლესი ისტორიის მასალებით პროფესიონალი მკვლევარების გარდა ახალგაზრდების დაინტერესება; ასევე, მოსწავლეთა და სტუდენტთა კვლევის უნარების, კრიტიკული აზროვნების და წყაროზე მუშაობის სპეფიციკური უნარების განვითარება.